ესპანურმა საღამომ ანშლაგით ჩაიარა


12 ოქტომბერს, ესპანური ენისა კულტურის ცენტრმა „კარმენმა“ „მაგთი კლუბში“ ესპანეთის დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული ესპანური საღამო გამართა.

საღამოს ესწრებოდნენ ქართველი, ესპანელი და ლათინო-ამერიკელი სტუმრები.

„კარმენმა“ სტუმრებს მხიარული გარემო და სახალისო თამაშები შესთავაზა, რომელზეც უამრავი პრიზი გათამაშდა.

12 ოქტომბერი  არის ესპანეთის დღე, რომელსაც მთელი ესპანურენოვანი სამყარო ყოველ წელს აღნიშნავს. ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ ერებისთვის, რომლებიც ესპანურ ენაზე საუბრობენ. შესაბამისად მსოფილოს 20 ქვეყანა 12 ოქტომბერს ერთდროულად ზეიმობს.
ესპანურენოვან ქვეყნებს აქვთ დროშაც, რომელიც ამ ოცივე ქვეყნის სიმბოლოდ ითვლება. საქართველოში ეს  დღესასწაული წელს  პირველად აღინიშნა და მისი ორგანიზება ცენტრმა„კარმენმა“ განახორციელა.

„12 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღესასწაულია მთელი ესპანურენოვანი სამყაროსთვის. ამ დღეს აღნიშნავს ესპანეთი და ლათინო-ამერიკა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში წელს პირველად ჩვენი ორგანიზებით ეწყობა ესპანური საღამო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ესპანური კულტურის გაცნობისა და პოპულარიზაციისთვის. ვიმედოვნებ, რომ „კარმენი“ ყოველწლიურად შეძლებს მის გამართვას. ცენტრი „კარმენი“ ყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს ესპანურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული უცხო ენის, საქართველოში გავრცელება-პოპულარიზაციას. დღევანდელ საღამოზე მოწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პროგრამით საქართველოში მყოფი ესპანელები. ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მეგობრულ გარემოში გაიცნოს ისინი და დაამყაროს სხვადასხვა ტიპის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობები“,- განაცხადა ცენტრ „კარმენის“ ხელმძღვანელმა ნათია ახალაიამ.