22 დეკემბერს „Amigo invisible” იწყება!


ცენტრ "კარმენში". საახალწლოდ ესპანურ თამაშს „Amigo invisible”-ს ვთამაშობთ. თამაში იწყება შაბათს, 22 დეკემბერს. "კარმენის" ახლანდელ და ყოფილ სტუდენტებს გთხოვთ ცენტრში მოხვიდეთ 19:30 საათისთვის. თამაშის წესებისა და ისტორიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ. 

 „Amigo invisible(ფარული/იდუმალი მეგობარი) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია ესპანეთში. მეგობრები, თანამშრომლები თუ კურსელები ამ თამაშს სადღესასწაულოდ, ძირითადად შობისთვის თამაშობენ.


თამაშის წესების მიხედვით კონკრეტული ადამიანები საკუთარ სახელსა და გვარს ფარული კენჭისყრით გაათამაშებენ. თითოეული მათგანი ხდება იმ ადამიანის Amigo invisible (ფარული მეგობარი), რომლის სახელი და გვარიც გათამაშებისას შეხვდა. მას შემდეგ რაც თამაში დაწყებულად გამოცხადდება, მოთამაშეები თავიანთი ფარული მეგობრებისგან იღებენ სიმბოლურ  საჩუქრებს ან წერილებს, ოღონდ ისე, რომ მათი ვინაობა მაქსიმალურად დაფარული და ინტრიგაშემცველია. თამაშისას დასაშვებია მინიშნებების გაკეთებაც, ან პირიქით მიზნობრივად შეცდომაში შეყვანა.

თამაშის ხანგრძლივობა მოთამაშეების სურვილის მიხედვით განისაზღვრება (2 კვირიდან-4 კვირამდე). ფინალურ დღეს კი ხდება საიდუმლოს გახსნა  და საჩუქრების გადაცემა. 

„Amigo invisible”-ს აქვს საკმაოდ საინტერესო ისტორია. ის 1800 წელს ვენესუელაში გამოიგონეს. თამაშის მთავარი მიზეზი იმ დროისთვის ვენესუელის კონსერვატორული საზოგადოება იყო. გათხოვილ და დანიშნულ ქალბატონებს არ ჰქონდათ უფლება ჰყოლოდათ საპირისპირო სქესის სხვა მეგობრები. „Amigo invisible”-ეს გამოგონებამ კი შესაძლებელი გახადა ამ ქალბატონების ჩართვა გასართობ ფლირტში. 

თამაშმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში, ყველაზე პოპულარული კი ესპანეთში გახდა.

ესპანელი ხალხი კი ფიქრობს, რომ ეს თამაში ესპანეთში, შუა საუკუნეებშია გამოგონილი. „Amigo invisible”-ს ესპანური ლეგენდა ასეთია:

ერთხელ ესპანეთის სამეფო კარზე დიდმა მოწყენილობამ დაისადგურა. ახალი წელი ახლოვდებოდა, მაგრამ არავის არაფერი უხაროდა. ყველაზე მოწყენილი თავად მეფე იყო. რას აღარ ცდილობდნენ მისი მსახურები: მორთეს მთელი სასახლე, მოიტანეს უამრავი საჩუქარი, მოიყვანეს საუკეთესო მუსიკოსები. მეფე მაინც მოწყენილობისგან დუმდა.

ერთ დილას მეფემ თავისთან დაიბარა სამეფო კარზე მოღვაწე ყველა მასხარა და მათ დაავალა რამე ისეთი მოეფიქრებინათ, რაც გაამხიარულებდა მეფესაც და მთელს სამეფო კარსაც.

ერთ-ერთმა მასხარამ ყველასათვის მოულოდნელად „Amigo invisible” გამოიგონა. თამაშმა ყველა გამოაცოცხლა და გაამხიარულა, განსაკუთრებით კი - მეფე. იმ წელს ესპანეთის სამეფო კარზე ყველაზე მხირული ახალი წელი დადგა. მეფემ ბრძანება გასცა, რომ ყოველ წელს სავალდებულო ყოლფილიყო „Amigo invisible”-ს თამაში.

მას შემდეგ ამ თამაშს მთელი ესპანეთი თამაშობს!