24 ოქტომბერს ესპანური საღამო გაიმართება


ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი „კარმენი“  24 ოქტომბერს, 20:00 საათზე „მაგთი კლუბში“ გრანდიოზულ ესპანურ საღამოს გამართავს. საღამო ეძღვნება ესპანურენოვანი ქვეყნების დღეს (Día de la Hispanidad), რომელიც 12 ოქტომბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 

12 ოქტომბერი არის ესპანურენოვანი ქვეყნების დღე. ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ ერებისთვის, რომლებიც ესპანურ ენაზე საუბრობენ. ესპანურენოვან ქვეყნებს აქვთ დროშაც, რომელიც მათ სიმბოლოდ ითვლება. საქართველოში ეს  დღესასწაული უკვე რამდენიმე წელია ცენტრი „კარმენის“ ორგანიზებით აღინიშნება.

აღნიშნულ საღამოს 200-მდე ესპანელი,  ლათინო-ამერიკელი და ქართველი სტუმარი დაესწრება. წელს კარმენის საპატიო სტუმარია -  ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული.

ღონისძიება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ესპანეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

კარმენი სტუმრებს მხიარულ გარემოს ესპანური მუსიკით, ცეკვითა და სამზარეულოთი შეუქმნის. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახალისო კონკურსებიც.

„12 ოქტომბერიმნიშვნელოვანი დღესასწაულია მთელი ესპანურენოვანი სამყაროსთვის.  წელს ჩვენ 24-ში აღვნიშნავთ. უკვე რამდენიმე წელია ვზეიმობთ ამ დღესასწაულს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ესპანური ენა და კულტურა უყვარს, ასევე - საქართველოში მცხოვრები ესპანელებისა და ლათინო ამერიკელებისთვის. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დღეს უკვე დაწყებულია საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული ვიქტორ ვისენტე მურსია გარზონი Victor Vicente Murcia Garzon. ის ჩვენს საღამოსაც დაესწრება.  ცენტრიკარმენიყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს ესპანურის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული უცხო ენის საქართველოში გავრცელება-პოპულარიზაციას. ამ საღამოზე მოწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა პროგრამით საქართველოში მყოფი ესპანელები. ეს კარგი შანსია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ მეგობრულ გარემოში გაიცნოს ისინი და დაამყაროს სხვადასხვა ტიპის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობები. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ვიზის ლიბერალიზაცია მიმდინარეობს და სულ მალე უვიზო მიმოსვლა გვექნება“,- აცხადებს „კარმენის“ დირექტორი ვერონიკა გელაძე.