საშობაო ტრადიციები ესპანეთში


შობის ღამეს ესპანელების უმეტესობა ღამის წირვას ან ე.წ მამლის წირვას ესწრება. მამლის ყივილი სიმბოლურად იესოს დაბადებას უკავშირდება.

შობას ესპანელი ოჯახები ძირითადად ერთად იკრიბებიან და საშობაო ვახშამზე ტრადიციულ კერძებს მიირთმევენ.

მთავარ საშობაო კერძს 'Pavo Trufado de Navidad' ჰქვია. ის შედგება ინდაურისა და სხვა ინგრედიენტებისგან. მაგალითად, ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი, ინდაურთან ერთად, სოკოა. გალისიაში, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, კი მთავარი საშობაო კერძი ზღვის პროდუქტებისგან შედგება.


ღამის წირვის შემდეგ ხალხი ქუჩებში გამოდის და ერთად ზეიმობს დღესასწაულს. მათ უჭირავთ სანათები, უკრავენ გიტარაზე და სხვა ინსტრუმენტებზე. ამ ღამეს სპეციალური წინადადებით მიმართავენ ერთმანეთს -  'Esta noche es Noche-Buena, Y no Es noche de dormir'. რაც ქართულად ასე ჟღერს - „ეს ღამე ძალიან კარგი ღამეა და ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაიძინო“.

ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მისალოც ფრაზას იყენებენ. ესპანურად - 'Feliz Navidad', კატალონიურად - 'Bon Nadal', გალისიურად -  'Bo Nadal', ბასკურად - 'Eguberri on'.

28 დეკემბერი არის  'Día de los santos inocentes' (უმანკო წმინდანების დღე), ამ დღეს ხალხი ერთმანეთს კეთილ ტყუილებს ეუბნება. ტელევიზიები და გაზეთებიც აქტიურად არიან ჩართული ამ მხიარულ დღესასწაულში. (ეს იგივე, რაც საქართველოში 1 აპრილი).

ახალის წლის ღამეს ესპანელები 'Nochevieja'-ს  ან „ძველ ღამეს“ ეძახიან. ამ ღამეს, როცა საათი 12-ჯერ დარეკავს, თითო დარეკვაზე ყურძნის ერთი მარცვალი უნდა გადაყლაპო. 12 მარცვალი, წელიწადის 12 თვის სიმბოლოა და ვინც ამ რიტუალს შეასრულებს, ბედნიერი წელი ექნება.

საშობაო განწყობის კიდევ ერთი ნაწილია „ეპიფანიობა“. მას ესპანურად 'Fiesta de Los tres Reyes Mages' ჰქვია და 6 იავნარს აღინიშნება.

ბავშვები საჩუქრებს იღებენ შობის დღეს, თუმცა მათ სწორედ „ეპიფანიის“ დღესასწაულზე ხსნიან. ეს დღე სიმბოლურად გამოხატავს, პატარა იესოს დასაჩუქრებას.

ბასკეთში, ბავშვები საჩუქრებს „მაგიური კაცისგან“ იღებენ, რომელსაც Olentzero ჰქვია. ის გამოიყურება, როგორც ბასკი ფერმერი  -  არის დიდი, ატარებს ბერეტს და ეწევა ჩიბუხს.


კატალონიაში შობის სიმბოლო არის პაწაწინა მორი 'Tió de Nadal-ი, რომელიც 2 ფეხზე დგას. მას მხიარულ სახესაც ახატავენ ხოლმე. შობის სადილზე, მას „აძლევენ“  ტკბილეულს და პლედს, რომ არ „შესცივდეს.“

რაც შეეხება სპეციალურ საშობაო ნამცხვარს, მას 'Roscón ჰქვია, რაც რგოლის ფორმის ბისკვიტს ნიშნავს. მას ეპიფანიობაზე მიირთმევენ. ის შეიძლება იყოს კრემიანი ან შოკოლადიანი. მასში ხშირად პატარა საჩუქარს მალავენ და ვისაც ის შეხვდება, იღბლიანი წელი ელის.