ესპანური ფილმები თბილისის ფილმის ფესტივალზე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა და გასული 12 წლის მანძილზე ფესტივალმა 500-ზე მეტ რეჟისორს, მსახიობს, კინომცოდნესა თუ პროდიუსერს უმასპინძლა. 2015 წლის ფილმის ფესტივალის მონაწილე ესპანური კინოც არის.
La Novia - 2015-12-05 16:00
რეჟისორი: პაულა ორტისი სცენარი: ხავიერ გარსია არედონდო, პაულა ორტისი ოპერატორი: მიგელ ანხელ ამოედო
მონტაჟი: ხავიერ გარსია არედონდო კოსტიუმები: არანჩა ესკერო მუსიკა: შიგერუ უმებაიაში მონაწილეობენ:
მანუელა ვალესი, ლეტისია დოლერა, ინმა კუესტა, ასიერ ეტეანდია, ალექს გარსია, მარია ალფონსა როსო.
ფილმი ერთი უკანონო სასიყვარულო სამკუთხედის ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. ამ სიყვარულს ასაზრდოებს ვნება, მაგრამ მარცხისთვისაა განწირული. აღწერილია პატარძლის ამბავი, რომელიც ცოლად მიყვება სხვა მამაკაცს და არა ლეონარდოს, რომლის მიმართაც ძლიერი ლტოლვა აქვს. მათ შორის არსებული უძლიერი კავშირის უგულვებელყოფა შეუძლებელი ხდება და ამიტომაც პატარძალი თავის ახალ მეუღლეს მიატოვებს და თავის ნამდვილ სიყვარულთან ერთად, ტყეს აფარებს თავს. ცოლის გაუჩინარების ამბის შეტყობისთანავე, ქმარი გააფთრებული დაეძებს მათ კვალს, რომ სასტიკად იძიოს შური.

Pikadero - 2015-12-02 19:00
რეჟისორი: ბენ შეროკი სცენარი: ბენ შეროკი ოპერატორი: ნიკ ქუკი მონტაჟი: კარელ დოლაკი მუსიკა: ატცი მურამაცუ მონაწილეობენ: ბარბარა გოენაგა, ხოსება უსაბიაგა, ლანდერ ოტაოლა, ზორიონ ეგილეორი, იციარ ლაზკანო, პეიო არნეზი

ესპანეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ახალგაზრდა, ღარიბი წყვილი ვერ ახერხებს, რომ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. მშობლების სახლში ისინი ვერ აწყობენ ახლად წამოწყებულ ურთიერთობას. სასოწარკვეთილი წყვილი, რომელიც სექსს ვერ ახერხებს და არც სასტუმროს ნომრის დაქირავების ფული აქვს, იძულებულია, სექსისთვის საზოგადოებრივი ადგილები გამოიყენოს, რომელთაც პიკადეროებს უწოდებენ. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და მათი ურთიერთობაც გამოცდის წინაშე დგება, როდესაც ისინი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან თავის დაღწევას ცდილობენ.

También la lluvia - 2015-12-04 21:00
რეჟისორი: ისიარ ბოლიაინი სცენარი: პოლ ლავერტი ოპერატორი: ალექს კატალანი მონტაჟი: ანხელ ჰერნანდეს ზოიდო მუსიკა: ალბერტო იგლესიასი მონაწილეობენ: ლუის ტოსარი, გაელ გარსია ბერნალი, ხუან კარლოს ადუვირი, კარა ელეხალდე, რაულ არევალო

ესპანური გადამღები ჯგუფი, იდეალისტი რეჟისორის, სებასტიანის (გაელ გარსია ბერნალი) და მისი ცინიკოსი პროდიუსერის, კოსტას (ლუის ტოსარი) მეთაურობით, ბოლივიაში ჩადიან, რომ ლათინური ამერიკის დაპყრობის შესახებ რევიზიონისტული ეპიკური ფილმი იაფად გადაიღონ. სებასტიანი ადგილობრივ მამაკაცს, სახელად დანიელს (ხუან კარლოს ადუვირი), ტაინოს ტომის მეთაურის, ატუეის როლზე აიყვანს, რომელიც ევროპელების წინააღმდეგ ამბოხებას ჩაუდგება სათავეში. ამავე დროს, რეალურ ცხოვრებაში, დანიელი წყლის პრივატიზაციის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს ხელმძღვანელობს, რაზეც ბოლივიის მთავრობამ განაცხადა თანხმობა.
გარდა ამისა, ფესტივალზე წარმოდგენილია ლათინო ამერიკული ფილმებიც, რომელთა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე: თბილისის ფილმის ფესტივალის აფიშა.