ანი გასვიანი ესპანეთში გატარებული ერთი წლის შესახებ


როგორ მოხვდი ერასმუს +“ - ის პროგრამაში.
მე ესპანური ენისა და კულტურის ცენტრკარმენშივსწავლობდი ესპანურ ენას და პროგრამის შესახებ იქ გავიგე. ოფიციალური პარტნიორი საქართველოში სწორედ "კარმენია". 2 ადამიანი უნდა გამგზავრებულიყო და მხოლოდ წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი. თავიდანვე, როდესაც ამ პროგრამის შესახებ გავიგე, იმდენად მინდოდა მონაწილეობა მიმეღო, ვემზადებოდი, რომ ორიდან ერთ-ერთი მე აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი და გამიმართლა, კარმენის დირექტორის, ნათია ახალაიას დამსახურებით, მან ჩამსვა ამ პროექტში.

არსობრივად რა არის ეს პროგრამა?
პროექტის არსი და მიზანი ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებმა მიიღონ ახალი გამოცდილება და შანსები ცხოვრებაში, იმ არაფორმალური სწავლებისგან, რასაც ეს პროექტი იძლევა. ამიტომაც ამ პროექტში მონაწილეობა ერთ კონკრეტულ ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეუძლია, რადგან სხვებსაც რაც შეიძლება მეტი შანსი მიეცეთ შეიძინონ ეს გამოცდილება.


ესპანეთში ჩასვლისას პირველი აქტივობა პროგრამის ფარგლებში რა იყო?
პირველი აქტივობა პროექტის ფარგლებში იყო Formación a la llegada,  თებერვლის 1ელ რიცხვებში, კასერესში (ექსტრემადურა), სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოხალისეები შევიკრიბეთ და ერთმანეთს და ხელმძღვანელებს ვუზიარებდით ჩვენს სულ რაღაც 1 თვის გამოცდილებას ესპანეთში ცხოვრებასა და მუშაობაზე. ვყვებოდით  ჩვენი პროექტების დაწყების და მიმდინარეობის შესახებ და ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ერთობლივ აქტივობებში.

რამდენად გამოგადგა ის ცოდნა რაც კარმენიდან წაიღე?
კარმენიდან წაღებული ცოდნა, რა თქმა უნდა, ძალიან გამომადგა, რადგან უკვე ვფლობდი სალაპარაკო დონეს და მესმოდა თითქმის ყველაფერი, ამიტომაც არ გამჭირვებია ადაპტაციის გავლა ენასთან და კულტურასთან დაკავშირებით.

როგორი იყო თქვენი ერთი სამუშაო დღე?
გამიჭირდება აღვწერო ერთი სამუშაო დღე, რადგან ჩვენ ძალიან ხშირად ვიყავით სხვადასხვა საქმეში. მაგალითად, ხან საბავშვო ბაღში, ხან კოლეჯში, ხანაც მერიაში, ბიბლიოთეკაში, ხან მოხუცთა ცენტრში, სადაც გვქონდა ჩვენი ასე ვთქვათ კაბინეტი, ოფისი. მაგალითად, ბიბლიოთეკაში ვარეგისტრირებდით წიგნებს, ვაკეთებდით კატალოგს. ვმუშაობდით კომპიუტერთან, დილის 10 საათიდან 3 საათამდე.

ვის შეხვდი, ვინ იყო ის ხალხი ვინც კოორდინირებას გიწევდათ და გეხმარებოდათ?
ჩვენი ხელმძღვანელი, ალისია (ALICIA BLANCO SANDE)  იყო ის ადამიანი, რომელიც მუდმივად გვიწევდა კოორდინირებას. გვეხმარებოდა, გვასწავლიდა, გვაძლევდა მითითებებს და გვატარებდა ყველგან. ნამდვილად ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი ადამიანი შეგვხვდა და მასთან გავატარეთ 1 წელი. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან და მისი დახმარებით.

როგორ შეაფასებდი ზოგადად პროგრამას?
ჩემი აზრით, ამ პროგრამაში მონაწილეობა თითოეული ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა თქმა უნდა ამის შანსი მიეცემათ, უარი არ უნდა თქვან, რადგან პირადად მე, ძალიან ბევრი რამ მომცა და იყო ნამდვილად შედეგიანი. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ასე იქნება, რადგან ეს აბსოლუტურად სხვა გამოცდილებაა ცხოვრებაში.

რა მოგცა მან კონკრეტულად?
ამ პროექტის და ჩვენი ხელმძღვანელის წყალობით, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, უფრო დავხვეწე კომპიუტერთან მუშაობა და საოფისე პროგრამები, მქონდა სხვადასხვა ასაკის, თანამდებობის და კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ პროექტით ჩამოსულ მოხალისეებთან და .შ. ასევე სხვადასხვა საქმესა და აქტივობებში მონაწილეობა, საბუთებთან ურთიერთობა, აქტივობები, ფიესტები, კარნავალები. გავხდი ბევრად დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, საკუთარ თავში აღმოვაჩინე ახალი რაღაცები, შესაძლებლობები, დავრწმუნდი იმაში რაც უკვე ვიცოდი და ვისწავლე ახალი. არა მარტო ეს, დიასახლისური ცხოვრებაც ავითვისე, საჭიროა, მითუმეტეს მაშინ, როცა ოჯახის გარეშე ცხოვრობ. J

მოგეცა საშუალება მოგზაურობის და კულტურის გაცნობის?
კი, მოგზაურობის საშუალება მომეცა. ყოველთვის შეიძლება უფრო მეტი, თუმცა კმაყოფილი ვარ ყველანაირად. კულტურაც უკეთ გავიცანი, ქალაქები, სხვადასხვა ადგილები და არა მარტო ესპანეთი, მომეცა ასევე პორტუგალიის გაცნობის საშუალებაც, ვიმოგზაურე მის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ლისაბონშიც.

ურჩევდით სხვებს ამ პროგრამაში მონაწილეობას?
კი, რა თქმა უნდა, ვურჩევდი და მეტიც - ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილების დაკარგვა, ყველანაირი თვალსაზრისით, არ შეიძლება და უნდა ისარგებლონ. J

შენ რა გეგმები გაქვს მომავალში?
მე ვაპირებ ესპანური ენის საერთაშორისო დიპლომის, DELE- ასაღებად მოვემზადო და კარმენს დავუბრუნდე ამ პერიოდის განმავლობაში. სამსახურეობრივი, კარიერული წინსვლისთვის და სტაბილურობისთვის ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, რისთვისაც ბევრი შრომა და ბრძოლაა საჭირო. უნდა შევუდგე მთელი ძალებით.