10 გზა, რომელიც უცხო ენის შესწავლას გაგიადვილებთ



უცხო ენების სწავლა ყველა დროის აქტუალური თემაა. ადამიანების გარკვეული რაოდენობა ამას ძალიან მარტივად ახერხებს, უმეტესობა კი სხვადასხვა გზებს ეძებს პროცესის გასამარტივებლად.

ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი - „კარმენი“  მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც ნებისმიერი უცხო ენის შესწავლას გაგიმარტივებთ.

1. ჩამოიყალიბეთ სწორი ფსიგოლოგიური განწყობა
როდესაც ენის სწავლას გადაწყვეტთ, პირველ რიგში საჭიროა, შეიქმნათ რეალური მოლოდინები. ამის გაცნობიერება დაგეხმარებათ კონცენტრაციაში, რომელიც ენის სწავლას ძალიან სჭირდება. უნდა აცნობიერებდეთ, რომ ეს მინიმუმ 2 წლიანი პროცესია და ერთ თვეში ვერ ალაპარაკდებით.

2. იმეცადინეთ ხშირად და პატარ-პატარა პორციებით
მეცადინეობა მეცადინეობისთვის არ უნდა ხდებოდეს. მეცადინეობა მხოლოდ დავალების შესრულება არ არის. ასე შედეგი არ მიიღწევა. საქმე გაანაწილეთ ისე, რომ ყოველ დღე ჩავარდნის გარეშე გიწევდეთ რაღაცის კეთება. დღეში წაიკითხეთ ერთი აბზაცი, ან გააკეთეთ მხოლოდ ერთი გრამატიკული სავარჯიშო, მაგრამ არცერთი დღე არ ჩააგდოთ.

3. გამოიყენეთ ცოდნა პრაქტიკაში
შეიძლება ჯერ მხოლოდ 2 სიტყვა იცოდეთ, მაგრამ მაინც ეცადეთ გამოიყენოთ ის 2 სიტყვა. მაგალითად, ქუჩაში დაინახეთ რაღაც წარწერა, თარგმნეთ ის იმ ენაზე, რომელსაც სწავლობთ. ან, ვთქვათ, ურეკავთ მეგობარს, მიესალმეთ უცხო ენაზე, შიგადაშიგ საუბარში ჩართეთ ის სიტყვები, რომლებიც უკვე იცით. რაც არ უნდა ცოტა იყოს მათი რიცხვი, მაინც.


4. დააყენეთ მენიუ ახალ ენაზე
შეცვალეთ მობილური ტელეფონის და კომპიუტერის მენიუ და გადაიყვანეთ იმ ენაზე რომელსაც სწავლობთ. როგორც მინიმუმ, „ფეისბუქის“ ენა რომ შეცვალოთ, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ ახალ სიტყვას ისწავლით და დაიმახსოვრებთ ამ გზით.

5. გამოიყენეთ სახალისო აპლიკაციები
დღეს სმარტფონები ყველას აქვს, ამიტომ არ არის პრობლემა აპლიკაციების გადმოწერა-გააქტიურების. ენების სასწავლო ძალიან ბევრი აპლიკაციაა, თუმცა თავს ნუ დაიღლით. შეარჩიეთ მარტივი და სახალისო. ესპანური ენისთვის ასეთი არის, მაგალითად Catacademy.

6. სკაიპით ესაუბრეთ უცხოელს
სოციალური ქსელების საუკუნეში აღარ არის უცხოელის გაცნობის პრობლემა. ჩვენს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ გაიცნონ ვინმე, დაუმეგობრდნენ და კვირაში ერთხელ მაინც ესაუბრონ. ე. წ „Native Speaker“-თან ლაპარაკი ყველაზე კარგია. თანაც, ერთია წიგნიდან ნასწავლი ენა და მეორე ცოცხალი, სალაპარაკო გამოთქმები.

7. რაც შეიძლება მეტად გამოამჟღავნეთ ცოდნა
არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სულ 10 სიტყვა იციან რომელიმე უცხო ენაზე და იმ 10 სიტყვას ძალიან თამამად და გაბედულად იყენებენ. ასევე, არსებობს ადამიანების მეორე კატეგორიაც, რომლებიც შესაძლოა B2 დონეზე იმყოფებიან, ანუ თითქმის სრულყოფილად იციან გრამატიკა და აქვთ კარგი ლექსიკური მარაგიც, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. რომელი სჯობს? რა თქმა უნდა პირველი!

8. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების
მშობლიურ ენაზე ლაპარაკისას ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ჩვენც და უცხოელებიც. ასე რომ, გრამატიკული შეცდომის შიშს ნუ დააჩაგვრინებთ თავს. არავინ დაგცინებთ, არავინ გაგაკრიტიკებთ. გაეკიდეთ ქუჩაში უცხოელს, გააჩერეთ და გამოელაპარაკეთ. დაძლიეთ შეცდომის შიში!

9. გადაწერეთ ტექსტი
შეარჩიეთ მოთხრობა ან სტატია. დასხედით და უბრალოდ გადაწერეთ. დღეში ერთი პატარა გვერდის გადაწერა საკმარისია. ოღონდ ეს სამუშაოც აუცილებლად ყოველდღე უნდა შეასრულოთ. ამ გზით ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თავში დაგამახსოვრდებათ წინადადების წყობა და სხვა გრამატიკული კონსტრუქციები.

10. უყურეთ ფილმებს და სერიალებს
და ბოლოს, უყურეთ ფილმებს და სერიალებს. ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ თავდაპირველად ვერაფერს გაიგებთ. თუ ნებისყოფას გამოიჩენთ, მოგვიანებით 50%-ს, ხოლო საბოლოოდ 100%-ს გაიგებთ! ესპანური ენისთვის, არის სპეციალური სერიალი, სადაც ძალიან ნელა და გამოთქმით საუბრობენ. ასეთები სხვა ენებზეც იქნება.

გისურვებთ წარმატებას.